![]() |
| ფოთის თეატრის დირექტორი, თენგიზ ხუხია, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და ბრწყინვალე ადამიანი |
თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილი
„როგორი იყო
გასული წელი, როგორ შეიცვალა ქართულ თეატრი?“ მკითხა ფოთის თეატრის დირექტორმა,
ბატონმა თენგიზ ხუხიამ. ამ კითხვაში, თეატრის დიდი სიყვარული და გულშემატკივრობა
ვიგრძენი.
ფოთის
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის შენობაში რომ შეხვალთ, უმალ იგრძნობთ საქმიან
ატმოსფეროს და ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, ვინაიდან აქ მაღალ დონეზე ტარდება
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ბატონ თენგიზთან
საუბარი, მისი დატვირთული გრაფიკის გამო, ადვილი არ იყო. და აი, ერთ ჩვეულებრივ
დღეს, როცა ფოთში, ბრწყინვალე დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესის („ხალხის მტერი“)
სცენური ვერსიის სანახავად ჩავედით, ბატონ თენგიზთან და თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელთან - ბატონ დავით მღებრიშვილთან საუბარი მოვახერხეთ.
ბატონო თენგიზ, როგორ ჩატარდა რეგიონული თეატრების ფესტივალი, ჩვენ ეს
ზაფხულში ვიხილეთ. ყველა დეტალში ვგრძნობდი თქვენი, ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის
და მთელი ჯგუფის მობილიზაციას, მაგრამ დღეს მე მაინტერესებს - როგორ ცხოვრობს
თეატრალური ფოთი?
ფოთის თეატრის დირექტორი, თენგიზ ხუხია: ფოთი
ყოველთვის თეატრალური ქალაქი იყო, მას ჰყავდა არაჩვეულებრივი დასი და
არაჩვეულებრივი მაყურებელი. რაღაცა პერიოდი, ცნობილი მოვლენების გამო, ჩავარდნა იყო,
აქ სამოქალაქო ომსაც ვგულისხმობ და შენობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც
მოგვარებულია და დღეს ფოთში არის არაჩვეულებრივი ტაძარი და არაჩვეულებრივი
თეატრიც. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტზე ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს
ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
როცა აქ
მოვედი, თეატრი გადარჩენაზე ფიქრობდა და კოლექტივს ვუთხარი: პირველ რიგში საკუთარ
თავს და ფოთელ მაყურებელს უნდა დავუმტკიცოთ, რომ
თეატრი გვაქვს, სხვა ქალაქის მაყურებელს სპექტაკლები ვაჩვენოთ და მერე, თუ
კარგად ვიმუშავებთ, ალბათ საქართველოს
ფარგლებსაც გავცდებით.
თქვენ გაცდით საქართველოს ფარგლებს და თუ შეიძლება ამის შესახებ
გვიამბეთ?
2005 წლის
ნოებერში დამნიშნეს ამ თეატრში, მაშინ 25 წლის ვიყავი. 2007 წელს გავწევრიანდით
ევროპის თეატრების ქსელში, სადაც 400-მდე თეატრია და რა თქმა უნდა, ამას ძალიან
დიდი შრომა დასჭირდა. ჩვენ გავიცანით უცხოელი კოლეგები და ფოთში სპექტაკლის დასადგმელად
ჩამოვიდნენ ბელორუსი, გერმანელი, ავსტრიელი, პოლონელი რეჟისორები... ამასთან, ჩვენ
გვაინტერესებდა - რა მდგომარეობაშია ევროპული თეატრი, რას და როგორ აკეთებს, რა
კომუნიკაციის საშუალებებს იყენებს მაყურებელთან ურთიერთობაში. თუმცა უცხოეთისკენ
გახედვა, არ ნიშნავს იმას, რომ დავივიწყეთ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მთავარი -
ქართული თეატრი...
ბატონო თენგიზ, რა მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას?
ამ 9 წლის
განმავლობაში, თეატრში არ მყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი და არც მთავარი რეჟისორი,
საერთოდ რეჟისორიც არ მყავდა. ქართველ თუ უცხოელ რეჟისორებს კონკრეტულ პროექტებზე
ვიწვევდით, ისინი დგამდნენ და მიდიოდნენ. დასი მუშაობდა სხვადასხვა სკოლის
წარმომადგენლებთან და ამან განსაკუთრებული როლი ითამაშა ფოთის თეატრის
განვითარებაში. ტექნიკური თვალსაზრისითაც განვითარდა თეატრი და დღეს ერთ-ერთი
საუკეთესო ტექნიკური ჯგუფი გვყავს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენა რეგიონული თეატრების
ფესტივალმა, იმიტომ რომ 10 დღის განმავლობაში 24 სპექტაკლის ჩვენებას, ეს
ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფდა.
ბატონო თენგიზ, ფოთის თეატრი წელს პოლონეთში იყო, თუ შეიძლება
გვიამბეთ ამ მოვლენის შესახებ?
როგორც კი
რამდენიმე სპექტაკლი განხორციელდა, ამ
წარმოდგენების გატანაზე ფიქრი დავიწყე. ახალ შენობაში გადასვლამდე, რამდენიმე
ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
წელს პოლონეთის ორ სხვადასხვა ფესტივალზე
ვიყავით. ქალაქ ზაბჟეს თეატრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული,
სწორედ ამ ქალაქის სპექტაკლი იყო წარმოდგენილი ფოთის რეგიონული თეატრების
ფესტივალზე და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი კარგი თეატრია. გარდა ამისა, სამ
სხვადასხვა პოლონურ თეატრთან გაფორმებული
გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს კორ-პროდუქციების შექმნას,
რეჟისორების, მსახიობების გაცვლას.
მთავარი და
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ 6 თეატრალურ ფესტივალზე მივიღეთ მონაწილება:
თბილისში, ოზურგეთში, ფოთში, ერევანში, პოლონეთში. პოლონეთში, მსახიობები გია
სურმავა და რამაზ იოსელიანი დააჯილდოვეს მამაკაცის როლის საუკეთესო
შესრულებისათვის (სპექტაკლი „ჩარეცხილები“, მროჟეკის „ემიგრანტების“ მიხედვით).
ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა და საკმაოდ წარმატებული საფესტივალო გასტროლები.
ჩვენ ამ ტიპის მუშაობას გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა თეატრში ახალი სახეებსაც
მოვიწვევთ. კონკრეტული საქმე გავაკეთეთ და მოვრჩი, ახლა დავისვენოთ - ჩვენ ასე არ
ვცხოვრობთ! ვცდილობ პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ ის, რომ ჩვენ უფრო მეტი
შეგვიძლია.
ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით მღებრიშვილი:
ფოთის თეატრში ძალიან საინტერესო დასია და როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში, აქაც
არის სუსტი და ძლიერი წერტილები, არის საამაყო წერტილებიც. აქ, როგორც რეჟისორს,
ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია და თანამოაზრეებიც გყავს - ეს ყველაზე მეტად
მომწონს. ჩვენი დასი არის მობილური, ძალიან თანამედროვე, საინტერესო და
ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო წინ წავალთ. ვმუშაობთ!


No comments:
Post a Comment